„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ადგილზე მძიმე ტექნიკაა შეყვანილი. ადგილობრივები, რომელიც მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ამ მშენებლობას ყველა კანონიერი გზით გააპროტესტებენ და ხელს შეუშლიან.
მოსახლეობის სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „ევროპულ სამშენებლო ჰოლდინგში“ კი აცხადებენ, რომ კომპანია მშენებლობას გააგრძელებს. მათი თქმით, აქციის მონაწილეები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ მშენებლობის გამო, სკვერი აღარ იქნება. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ერთ-ერთ ვალდებულებად სწორედ სკვერის კეთილმოწყობა აკისრიათ და მის გაფართოებას გეგმავენ.
რაც შეეხება გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამავე ტერიტორიაზე, აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო. საგამოძიებო უწყება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.