რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი პროექტი

შეცვლილი გადაწყვეტილების საფუძველზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები იწყება.

გეგმა ითვალისწინებს არსებული კორპუსების სრულად რეაბილიტაციას და ახალი შენობის აშენებას, სადაც სტაციონარი მოეწყობა. პროექტის განხორციელების პროცესში ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციონირება არ შეწყდება. სწორედ ეს იყო თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა. გეგმის მიხედვით, 51 წლის წინ აშენებული საავადმყოფო თანამედროვე აპარატურით, ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიებით აღიჭურვება, ტერიტორია კი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისთვის იქნება გამოყენებული. წელიწადნახევრის წინ, ჯანდაცვის წინა მინისტრის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი დაანონსდა. მიზეზად ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა დასახელდა, რომელთა მიხედვით შენობა არამდგრადი, რეაბილიტაცია კი აზრს მოკლებული იყო. გეგმას კლინიკის თანამშრომლების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. სამთავრობო კაბინეტის განახლების შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და რეორგანიზაციის დაწყებული პროცესი შეჩერდა.