ხმაური სოფელ ბალდაში

ხმაური და დაპირისპირება იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში.

ადგილობრივების ნაწილმა, რომლებიც ბალდის კანიონის მშენებლობას აპროტესტებენ, კანიონის მიმართულებით მოძრავი მანქანები არ გაატარეს. მათი თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროტესტის მონაწილეებს. ერთი მათგანი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. რაც შეეხება ბალდის კანიონის ინვესტორ კომპანიას, იქ აცხადებენ, რომ ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებისგან მუდმივად არიან შეურაცხყოფის და ბულინგის მსხვერპლი. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, კომპანია უარყოფს ფიზიკურ ძალადობას და კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რეიდერობაში ადანაშაულებს. ბალდის კანიონი 40 წლის ვადით საინვესტიციო პირობით გადაეცა „კანიონ 350“-ს. ადგილობრივების ნაწილი ამ მშენებლობის წინააღმდეგია. მათი თქმით, კანიონზე სამშენებლო სამუშაოები სრულად არღვევს ეკოსისტემას, ასევე იზღუდება ადგილობრივების უფლებები. ბალდაში კანიონის მისადგომებთან მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარემ კარავი აღმართა. დღევანდელი აქციის მონაწილეები ამ კარავში რჩებიან. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც.