ამერიკული გამოცემა The Hill მამუკა ბახტაძის წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრემიერმა ვიზიტის დაწყებამდე გაავრცელა.
აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, – ამ სათაურით იწყება სტატია, რომელიც საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება.
მთავრობის მეთაური წერილში ხაზს უსვამს ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ორ ერს ღრმა, მტკიცე და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა აკავშირებს. ასევე, პრემიერ-მინისტრი წერილში წერს, რომ საქართველოს მთავრობა იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგესთან დიალოგი ბევრად სჯობს მასთან კონფლიქტს.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი წინსვლა აქვს.