საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა – „ელჩების კონფერენცია 2021 – საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა. ელჩებმა მიმოიხილეს საგარეო პოლიტიკის 2021 წლის მიღწევები და დასახეს სამომავლო გეგმები.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2022 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი იქნება დეოკუპაციის მიმართულებით მუშაობა, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რადგანაც როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა საქართველოს განუსაზღვრა ახალი პრიორიტეტული მიმართულებები და იმისთვის, რომ ქვეყანამ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი, აუცილებელია, რომ ასოცირების დღის წესრიგზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებზე აქტიურად იმუშაოს და ის თარგმნოს უკვე პრაქტიკულ განზომილებაში.