ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში

„ბელგია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს“  – ასეთია ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი გზავნილი, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება.

დღეს ის ქართველ კოლეგას შეხვდა. ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ქართველ კოლეგასთან შეხვედრას ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე უწყვეტი რეფორმების გზით“| – წერს ჰაჯა ლაჰიბი.