თბილისში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრ ჯიკიჩი წარადგინეს. 52 წლის სერბმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებულ ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე ილაპარაკა. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობის შესარჩევ ციკლში გახსნით მატჩს 23 თებერვალს სტუმრად დანიასთან ჩაატარებს. 26 თებერვალს კი „თბილისი არენაზე“ სერბეთს უმასპინძლებს. ალექსნდრ ჯიკიჩმა უკვე დაასახელა 22 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა. ნაკრები 13-დან 19 თებერვლის ჩათვლით დიღმის არენაზე ივარჯიშებს. გუნდის ლიდერები კი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი ნატურალიზირებული მოთამაშე ჰყავს. ტედ მაკფადენის ნაცვლად, ჩვენ გუნდს ჯო ტომასონი დაეხმარება. 30 წლის კალათბურთელმა რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი თელ ავივის „მაკაბისთან“ გააფორმა.