თორნიკე შენგელია „ცსკა“-ში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული არმიის ცენტრალურმა საკალათბურთო კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

„ცსკა“-მ 28 წლის ქართველ, მძიმე ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელიას ესპანურ „ბასკონიასთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა მოსკოველებმა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის გადაბირება მოახერხეს.

ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და გუნდმა რამდენიმე დღის წინ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა. ფედერაცია ნაკრების კაპიტანს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

გაცილებით მწვავეა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოხატა. „ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.