ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ

ბარნოვის ქუჩაზე 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ის კვლავ თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორში რჩება.

დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს.

50 წლის მამაკაცს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. სწორედ მის სახლში იმალებოდა ვეფხია ბაქრაძე, რომელიც 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის განზრხ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა 24 წლის ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით ყელი გამოჭრა. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანა და ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.