აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების დროს დაჭრილ ლევან ძნელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება.

პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებულია მოთავსებული. როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარე ძნელაძისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურამ კი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ძნელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ლევან ძნელაძე ვაკეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.