„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ 30 000-ლარიან გირაოზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ ის აღიარებს დანაშაულს და ბოდიშს უხდის პირებს, რომლებიც ბანკში მისი შეჭრის დროს ფილიალში იყვნენ. თუმცა, ადვოკატის თქმით, მისი ეს აღიარება ეხება ბრალდებულის მიერ გამოხატულ პროტესტის ფორმას და არა იმ მუხლს, რომელიც მას აქვს წარდგენილი. გამოძიება ნიკოლოზ წურწუმიას ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება. საქმე ეხება ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრას და გამოძიების ინფორმაციით, ექვსი მძევლის აყვანას. თუმცა ადვოკატის თქმით, ეს იყო ბრალდებულის მხრიდან გამოხატული პროტესტის ფორმა, რომელიც გარკვეული პირების მხრიდან მისთვის ვალის დაბრუნების მცდელობას უკავშირდებოდა.
მოამბე