აფრასიძეების ოჯახი 16 წლის შემდეგ კვლავ სამართლიანობის აღდგენას ითხოვს - ოჯახის ადვოკატი 2004 წელს ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთი ოჯახის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებს და პროკურატურას გამოძიების დაჩქარებას სთხოვს
პროკურატურას კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეს ახსენებენ.
სვანეთში 16 წლის წინ ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს მოკლული მამა-შვილ აფრასიძეების ოჯახი გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს. ორ დღეში საქმის ადვოკატი გენერალურ პროკურორს უნდა შეხვდეს. ოჯახის უფლებადამცველს აინტერესებს, რატომ ჭიანურდება ძიება და რატომ არ არიან დღემდე საქმის ფიგურანტი ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხულები. ოჯახი ამტკიცებს, რომ სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაციის დროს აფრასიძეები შეიარაღებულები არ ყოფილან და სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი უკანონოდ გახსნეს. საპირისპიროს ამტკიცებს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელსაც ყოფილ პრეზიდენტთან და სხვა ექს-მაღალჩინოსნებთან ერთად აფრასიძეების ოჯახი უკანონო ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს.