ადგილობრივი ჯგუფი ეწოდება გალაქტიკების ჯგუფს, რომელშიც ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომიც შედის. მასში თავს იყრის 50-ზე მეტი გალაქტიკა. მისი მასის ცენტრი კი სადღაც ირმის ნახტომსა და ანდრომედას გალაქტიკას შორისაა მოქცეული.
ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკები დაახლოებით 10 მილიონ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული და დაახლოებით ჰანტელის ფორმა აქვს.
თავად ეს ჯგუფი მიეკუთვნება ქალწულის სუპერგროვას, იგივე ადგილობრივ სუპერგროვას.
ჯგუფის ორი ყველაზე მასიური წევრია ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა. თითოეულ მათგანს აქვს თანამგზავრი გალაქტიკებიც. ტერმინი „ადგილობრივი ჯგუფი“ 1939 წელს ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა შემოიღო.
ირმის ნახტომს, ანდრომედას და მთლიან ადგილობრივი ჯგუფს გრავიტაციულად იზიდავს დაკვირვებადი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ობიექტი — შეპლის სუპერგროვა. მასში თავს იყრის წარმოუდგენლად ბევრი გალაქტიკა და ის ირმის ნახტომისგან დაახლოებით 650 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ამავე დროს, ადგილობრივ ჯგუფს ესაზღვრება კოსმოსის თითქმის მთლიანად ცარიელი რეგიონიც.