აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ამ დროისთვის ქალის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი.
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ხულოს 38 საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ვერ შედგა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებოდა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სხდომა დატოვა და რეგიონში ბრუნდება ადგილიდან სიტუაციის სამართავად.