მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმის მასპინძლობის შემდეგ საქართველოში ახალ საინვესტიციო პროექტებს აანონსებენ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი დასრულებულია – ორდღიანი შეხვედრები რამდენიმე შეთანხმებით დასრულდა. როგორ უნდა განვითარდეს შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე ისტორიული აბრეშუმის გზა და როგორ უნდა გაიზარდოს სავაჭრო დერეფანში საქართველოს როლი – განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კეთდება, რომელმაც რკინიგზის მოდერნიზებით, პორტების და გზების მშენებლობით და თანამედროვე ციფრული თუ ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო გზა უფრო მეტად უნდა დატვირთოს. თავის მხრივ საკუთარი გეგმები წარადგინა საქართველომ, რომელსაც ამ მარშრუტში გეოგრაფიული მდებარეობის გამო განსაკუთრებული სატრანზიტო როლი აქვს. ორი დღის განმავლობაში 60-მდე ქვეყნის ოფიციალურ პირებს, ბიზნესს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, რუსეთის გვერდის ავლით ენერგორესურსების და სატრანსპორტო გადაზიდვების ალტერნატიული შუა დერეფნის მომავალზე ერთად ემსჯელათ და კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები შეეთანხმებინათ.