34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. თბილისის ცენტრალურ გამზირზე დღეს დილიდან ხალხმრავლობაა. 9 აპრილის მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე სოციალური ქსელით წერილი გაავრცელა და 1989 წლის მოვლენებზე ისაუბრა.
„ამ დღეს საქართველომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ კი ქართველი ხალხის ნება კიდევ უფრო განამტკიცა. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა.“ წერს პრემიერი.
მთავრობის მეთაურთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. „დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში დაბრუნების იდეას ეფუძნება, ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი“.- წერს ილია დარჩიაშვილი.