35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ქვეყანა 9 აპრილის გმირებს იხსენებს. 35 წლის წინ, ამ დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევით და სისხლიანი მოვლენებით დასრულდა. დილიდან ყვავილები და სანთლები მიაქვთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც 1989 წელს დატრიალებული ტრაგედიის ადგილია. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების უდიდეს ღვაწლს იხსენებენ და 35 წლის წინანდელი მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. მთავრობის ყოფილი სახლის, ახლა უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ტიტებითაა სავსე. მოქალაქეებთან და პოლიტიკოსებთან ერთად საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ დარბეული დემონსტრანტების გმირობაზე საუბრობენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც.