35 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევა გამთენიისას დაიწყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე ტანკები და რუსული სადამსჯელო რაზმი გამოჩნდა. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.