9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები. დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები. აქციის მონაწილეთაგან ბევრი დაიჭრა, ან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ქიმიური ნივთიერებით მძიმედ მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

ტრაგედიამ დასაბამი მისცა ქართველი ხალხის საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებას. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში, ერთდროულად, შემზარავი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.