თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ყენიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მისი საქმიანობის შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვს და მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ივლისში დატოვა. მისი განმარტებით, თანამდებობის დატოვება შემთხვევის შემდეგ სურდა, თუმცა სკოლაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, აზრი შეიცვალა.
საკითხს განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უწყება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობს და აწვდის მოთხოვნილ ყველა მასალას.
რაც ეხება 51-ე სკოლის დირექტორის საკითხს, ბატიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღებს.