27 წლის მედდის გარდაცვალების საქმე

27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახი ექთნის გარდაცვალებაში ახალციხის კლინიკა „იმედს“ ადანაშაულებს. გარდაცვლილის მეუღლემ დღეს განაცხადა, რომ შემთხვევის დროს რეანიმატოლოგი არა კლინიკაში, არამედ გუბერნიაში იმყოფებოდა და ის ახალგაზრდა ქალისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას დაუყოვნებლივ ვერ შეძლებდა. ბრალდებას უარყოფს კლინიკის პერსონალი. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ქალს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. 27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას განაგრძობს, ამის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში. საქმეზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აქვს აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მზად არიან, როგორც გამოძიებასთან ასევე რეგულირების სააგენტოსთან ითანამშრომლონ და მომხდარის შესახებ ყველა ინფორმაცია მიაწოდონ. 18 მარტს, ახალციხეში 27 წლის მედდას ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოამბე