საქართველოში ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ.
99 წლის წინ ამ დღეს ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. თითქმის საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო -ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. საბჭოთა ოკუპაციის დღის მთავარი გმირები გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად მაშინდელი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები, იუნკერები არიან, რომლებმაც წითელ არმიას უთანასწორო ბრძოლაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს იუნკერების დიდი ნაწილი დაიღუპა.