15 წელი შინდისის ბრძოლიდან

15 წელი აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლიდან.

ქვეყანა შინდისის გმირებს იხსენებს. მათ ხსოვნას დღეიდან ერთიანობის სიმბოლოს გამომხატველი პორტრეტული მონუმენტიც უკვდავყოფს, რომელიც სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს გამართული უთანასწორო ბრძოლის ადგილზე აღმართულ მემორიალთან განთავსდა. სამი გადარჩენილი და 17 დაღუპული: ასე დასრულდა უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც, ქართულმა ოცეულმა მტერს, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედევად, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. საქართველოს შეირაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის ოცეულს რუსულმა მოტომსროლელმა ასეულმა ჩასაფრება შინდისის რკინიგზის სადგურთან მოუწყო და გასასვლელები ჩაუკეტა. ოკუპანტების ალყაში მოქცეულების მისამართით მოწინააღმდეგე ყველა სახის იარაღიდან, ასევე რეაქტიული ცეცხლსატყორცნებიდან და ტანკებიდან ისროდა. ქართველი ჯარისკაცების გმირული ბრძოლა და თავგანწირვა 2008 წლის ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. შინდისის გმირების თავდადებას ისტორიას მუზეუმიც შემოუნახავს, რომლის გახსნა დღეს კიდევ ერთხელ დაანონსდა.