ბურუსით მოცული კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროში, საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი ნახეს. ეს ადგილი დაახლოებით 70 კილომეტრშია ფონიჭალიდან, სადაც გოგონა ცხოვრობდა და ახლოსაა იმ სოფელთან, სადაც თამარის მანქანა კამერებმა ბოლოს დააფიქსირეს. ოჯახი მკვლელობის ვერსიას განიხილავს და საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. გარდაცვლილის ახლობლებს საძიებო სამუშაოების გახანგრძლივების გამო პრეტენზიები აქვთ გამოძიებასთანაც. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას ცხედარი მწყემსმა იპოვა.
კომპანია „ზეგში“, რომელიც გარდაცვლილის ერთ ერთი სამუშაო ადგილი იყო, აცხადებენ რომ თამარ ბაჩალიაშვილს თანამშრომლებთან კონფლიქტი არ ქონია, მას დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა და ამ მიზეზით სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. კომპანიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 23 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. საქმეში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის მანქანაში ნაპოვნია წერილები და მედიკამენტები.