მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი სამთავრობო დონეზე შეთანხმებულია. 194-გვერდიან დოკუმენტში პრიორიტეტი სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვაა. დაგეგმილია ასაკობრივი პენსიის ზრდა და ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, ბაღების აღმზრდელებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის. უმჯობესდება შშმ პირების სოციალური პაკეტებიც.
14 მილიარდ 200 მილიონი ლარი,- ასეთი იქნება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 2020 წლისთვის. პროექტით ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. შარშანდელთან შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ ინფრასტრუქტურის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, მცირდება მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება.
პროექტი, რომლის შექმნაში მთავრობასთან და დეპუტატებთან ერთად მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყო ჩართული, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
პრემიერმა მინისტრებს კონკრეტული დავალებებიც მისცა.