დღეს დედაენის დღეა. 14 აპრილს ქართული ენის დაცვის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 46 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას – საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. საბოლოოდ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე თითქმის 100 000 მოქალაქე შეიკრიბა და პირველად, საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი კი დედაენის დღედ გამოცხადდა.