ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც არიან
ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც არიან

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას რვა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც არიან.

პირველმა არხმა გამოითხოვა კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების წინააღმდეგ ხმა მისცეს ეკა ბესელიამ, ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა, ლევან კობერიძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.
კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები იქნება საჭირო.