ზვიად დევდარიანი სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას არ აპირებს
ზვიად დევდარიანი სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას არ აპირებს

ზვიად დევდარიანი სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას არ აპირებს, – ამის შესახებ სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დევდარიანმა ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მის წინააღმდეგ გამოთქმულ სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან ითანამშრომლოს.

„იმის მიუხედავად, როგორ დამთავრდება მთლიანად ეს სამართლებრივი პროცესი, მე არც სიდა-ში და არც სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას აღარ ვაპირებ“, – განაცხადა დევდარიანმა, რომელიც სამომავლოდ წიგნის დაწერასაც არ გამორიცხავს.

მან განმარტა, რომ სამოქალაქო სექტორში მისი საქმიანობა დასრულებულია.

„ვიცი, რომ ეს კითხვა ბევრს აწუხებს, ასე რომ, თუ ამაზე ნერვიულობთ ან განიცდით, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქმიანობა ამ სფეროში დასრულებულია. ალბათ, აუცილებლად წიგნს დავწერ ამ ყველაფერზე, რადგან მქონდა გამოცდილება. ვიცი, ესეც იუმორის ნაწილშია და ეს საკითხი ფართოდ განიხილება. ასე რომ, ალბათ არაფრის მოგონება დამჭირდება, თავისუფლად შეიძლება ამ ყველაფრის წიგნის ფურცლებზე გადატანა“, – განაცხადა დევდარიანმა.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.