ნათია მეზვრიშვილი - ზვიად დევდარიანი აუცილებლად გამოიკითხება
ნათია მეზვრიშვილი - ზვიად დევდარიანი აუცილებლად გამოიკითხება

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სიდას-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი აუცილებლად გამოიკითხება.

მისი თქმით, ადევნების მუხლით დაწყებულ საქმეზე შსს-სთვის არავის მიუმართავს, სურვილის შემთხვევაში კი, ყველა პირი დაიკითხება.

„როცა გამოძიება დავიწყეთ, მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის მსხვერპლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მსხვერპლების შესახებ, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, მოუწოდონ მსხვერპლებს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სხვაგვარად, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ადამიანების ვინაობის დადგენა. ამ ეტაპამდე, სურვილი არავის გამოუთქვამს.

ვინც მოგვმართავს, ის იქნება საგამოძიებო დანაყოფში დაბარებული და მოხდება დაუყონებლივ მათი გამოკითხვა.

ჩვენ როდესაც განცხადება გავავრცელეთ, ყველას მოვუწოდეთ, არა მხოლოდ მსხვერპლებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც იციან, ვინ არიან ეს მსხვერპლები, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რათა ჩვენ დროულად ჩავატაროთ საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, გამოიკითხება ყველა მხარე.

„აბსოლუტურად მიუკერძოებლები ვართ, გამოვკითხავთ როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს და ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. დევდარიანი გამოიკითხება აუცილებლად და გახდება აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი. მან გამოხატა სურვილი, ვინც გამოხატავს სურვილს და ვინც ფლობს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ბუნებრივია, ყველა ეს პირი გამოიკითხება, მათ შორის ზვიად დევდარიანიც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ზვიად დევდარიანმა გუშინ განაცხადა, რომ სამართლებრივ დავას იწყებს.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.