შსს - ზვიად დევდარიანის საქმეზე, 10-მდე პირმა გამოძიებას მათ მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
შსს - ზვიად დევდარიანის საქმეზე, 10-მდე პირმა გამოძიებას მათ მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ზვიად დევდარიანის საქმეზე, 10-მდე პირმა გამოძიებას მათ მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით.

„როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები.

10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ.

გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ შსს-ში.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.