ზვიად დევდარიანის მობილურ ტელეფონს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება 
ზვიად დევდარიანის მობილურ ტელეფონს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება 

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის ინტერესების დამცველმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დევდარიანის ტელეფონიდან მიმოწერების ამოღებისა და იდენტიფიცირების მიზნით, ოფიციალურად მიმართა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, უფლებადამცველების განცხადებით, დევდარიანის ტელეფონში, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს გადაეცემა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებული მიმოწერები ინახება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეს ბიუროს დევდარიანის კუთვნილი ორი ტელეფონის ნაცვლად ერთი ტელეფონი ჩააბარეს.

ადვოკატის თქმით, მეორე ტელეფონი ბიუროს მოთხოვნისთანავე ჩაბარდება.

“ვადასტურებ, უნდა მოგვეტანა ორი ტელეფონი, თუმცა ერთი მობილური ჩავაბარეთ. ეს მობილური არის იმ სადავო პერიოდის, რომელსაც თვლიან, რომ არის სადაო და განხორციელებულია ისეთი მიმოწერა, რომელიც სექსუალური შევიწროების ნიშნებს შეიცავს. მეორე ტელეფონით სარგებლობს ზვიადი. ექსპერტიზის ბიურომ განგვიმარტა, რომ მეორე ტელეფონი მოთხოვნისთანავე უნდა მივიტანოთ. ეს არის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო და რაღაცა სახის სიყალბე ან მაქინაცია გამორიცხულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხი”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ, აპირებს უახლოეს დღეებში მიმართოს პროკურატურას.

„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას წარვადგენთ გამოძიებაში და შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, რომ არანაირ ძალადობას, სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ქონია, ეს არის სიცრუე და მოგონილი თემა. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლის დადგენა. მე, როგორც დევდარიანის უფლებადამცველს მაინტერესებს ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტების დადგენა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სიმართლე. ექსპერტიზის დასრულებამდე, საჯარო კომენტარებს აღარ გავაკეთებთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გამოკითხვის თაობაზე დევდარიანს შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.