ზვიად დევდარიანმა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ზვიად დევდარიანმა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელის მიხედვით, მოპასუხეა 12 ადამიანი, მათ დევდარიანი ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს.

დევდარიანის ადვოკატი მხოლოდ სარჩელის რვა მოპასუხეს ასახელებს, ხოლო იმ ოთხი პირის ვინაობის გამხელისგან, რომლებმაც დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით, თავს იკავებს.

მოპასუხეები არიან:

„ტაბულას“ დირექტორი – თამარ ჩერგოლეიშვილი, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი – ბაია პატარაია, ჟურნალისტი – ნინო დანელია, ექიმი – თამარ ყურაშვილი, “ევროპული საქართველოს” წევრი – თამარ კაკაბაძე, ქალთა მოძრაობის წევრი – იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“.

ამასთან, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ნინია კაკაბაძე დაკითხული იქნება როგორც მოწმე და არა როგორც მოპასუხე.

„ნინია კაკაბაძე არ იქნება ჩვენი მოპასუხე, პირისპირი შეხება არ აქვს საქმესთან, მაგრამ ირიბი შეხება ჰქონდა და დაიკითხება მოწმის სახით. მიბრძანდეს ყველა ის პირი სასამართლოში, რომლებმაც სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებები გააკეთეს. მოპასუხეა 12 პირი, მე დავასახელებ რვა პირს და არ დავასახელებ იმ ე.წ. ოთხ დაზარალებულ პირს. ჩვენ მათ ვუფრთხილდებით, მაინც მათ პირად ცხოვრებას შეეხება, შეიძლება სასამართლო სხდომის დახურვაც მოვითხოვოთ“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

 

სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები.

„მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა რომელიც დადგა, რომ „ფეისბუქ“ ჯგუფები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა არის შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დგინდებოდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან ვალდებული, რომ ამ ტიპის დადგენილება და გადაწყვეტილება მოიღონ. ძალიან სამწუხაროა ის, რომ მთლიანად ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები, რომლებმაც ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, შეტევა სწორედ ადამიანის უფლებებზე მიიტანეს. მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ჩემს რეპუტაციას, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ დღეს შეგვაქვს სარჩელი, მოქმედებდნენ როგორც წითელი ინტელიგენციის საუკეთესო მაგალითებით, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი, ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მოსახვედრად მისთვის ხელის შეშლაც ყოფილიყო.