ზვიად დევდარიანი - ჩემმა ყოფილმა მეგობრებმა ჩემ შესახებ შესაძლოა, ის იციან, რაც მე არ ვიცი
ჩემმა ყოფილმა მეგობრებმა ჩემთან დაკავშირებით შესაძლოა, ის იციან, რაც მე არ ვიცი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ამ განცხადებით ზვიად დევდარიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ყოფილ მეგობრებთან, რომლებმაც მის მიმართ წაყენებული ბრალდებები გარკვეულწილად, დადასტურებულად მიიჩნიეს. დევდარიანის თქმით, ეს ყოფილი მეგობრების ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და მას არც უწყებრივად, არც ინდივიდუალურად, კომუნიკაცია არავისთან არ აქვს.
„თავიდანვე მივიღე გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ყველა პოსტსა და პოზიციას გავმიჯნოდი, რათა მარტო დავრჩენილიყავი და ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. ეს ჩემთვის პრინციპული იყო. არ მინდოდა, ჩემ გამო ვინმეს დისკომფორტი ჰქონოდა, მათ შორის – სახალხო დამცველს. მას ჩემი კანდიდატურა არ მოუხსნია. სახალხო დამცველს თავად მივმართე, ჩემი კანდიდატურა მოეხსნა. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შეტევა სახალხო დამცველზეც იყო და არ მინდოდა, მას დარტყმა მიეღო“, – განაცხადა დევდარიანმა.
როგორც “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს მისთვის ერთ–ერთი სერიოზული დარტყმა იყო.
„სხვაა, როცა ბრალდება უცხო ადამიანების მხრიდან ხდება და უფრო მძიმეა, როცა – ახლო წრიდან მოდის. ვერც ჩემი მეგობრების, თუ ყოფილი მეგობრების და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს იგივე ჩემი ოჯახია. ვიღაცისთვის შესაძლოა, ოჯახის ყოფილი წევრიც ვიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფმა მათზე ვისაუბრო“, – განაცხადა დევდარიანმა.
ზვიად დევდარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში უწევს მოქმედება, როცა ძალიან ცოტა ადამიანი დგას მის გვერდით და ამავდროულად, ძალიან მძიმეა ის ბრალდებები, რომლებიც მის წინააღმდეგ ისმის.