ზურიკო დავითაშვილი - „ბორდოს“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაში ვილი სანიოლი დამეხმარა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - „ბორდოს“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაში ვილი სანიოლი დამეხმარა #1TVSPORT

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს „ბორდოში“ ჩასული ზურიკო დავითაშვილი სწრაფად იქცა გუნდის X ფაქტორად. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს sofoot-ის ჟურნალისტმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ზურიკომ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„საფრანგეთში როცა ჩამოვედი, კლუბში თავიდანვე ძალიან კარგად ვიგრძენი თავი, ბედნიერი ვარ აქ თამაშით. ხელი იმანაც შემიწყო, რომ პირველივე მატჩში („დიჟონთან“ – რედ.) გოლი გავიტანე, რაც დამეხმარა ნდობის მოპოვებაში. კარგ სეზონს ვატარებთ, ვვარჯიშობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ლიგა 1-ში გადასვლას შევძლებთ. ვფიქრობ, პირველ სეზონში საკმაოდ კარგად ვთამაშობ, მაგრამ მომავალ წელს კიდევ უფრო მოვუმატებ.

როგორ მოვხდი „ბორდოში?“ ზაფხულში „ლორიენი“ დამიკავშირდა. ტრანსფერი თითქმის გადწყვეტილი იყო, მაგრამ იქ ვერ გადავედი. მერე ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა (გავლენიანი ქართველი აგენტი, რომელიც ასევე ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს იცავს – რედ.) მითხრა „ბორდოზე“ და დამარწმუნა, რომ კარგი ვარიანტი იყო. მანამდეც ვიცოდი, რომ ძალიან კარგი კლუბი იყო.

რა თქმა უნდა, აზრი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლსაც ვკითხე, რომელიც  2014-16 წლებში „ბორდოს“ წვრთნიდა. მითხრა, რომ კარგი გუნდი იყო, არჩევანის გაკეთებისას მისი რჩევაც გავითვალისწინე.

რა განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატსა და ფრანგულ ლიგა 2-ს შორის? საქართველოს ჩემპიონატი კარგი დონისაა, მაგრამ ლიგა 2 ინტენსივობითა და სისწრაფეებით ჯობია, ყველა მატჩი ძალიან რთულია, 90 წუთი უნდა იბრძოლო.

თანაგუნდელებთან ურთიერთობა ცოტა რთულია, რადგან ფრანგულად ჯერ ვერ ვლაპარაკობ. მაგრამ ინგლისური ვიცი, შემიძლია პარტნიორებთან ურთიერთობა და მწვრთნელის მითითებების გაგება. დანილა იგნატენკოსთან ურთიერთობა უფრო მიადვილდება, რადგან ის უკრაინელია და რუსულად საუბრობს. საერთო ენა გამოვნახე ალექსი პიტუსთანაც, რომელიც ზამთარში ჩამოვიდა. ფრანგულ ენას ვსწავლობ და როცა საუბარს შევძლებ, ურთიერთობა კიდევ უფრო გამიადვილდება.

საქართველოში ოჯახი და მეგობრები მყავს, ამიტომ იქ ყოფნა უფრო მიადვილდება, მაგრამ საფრანგეთში თავს კარგად ვგრძნობ. ბორდო ძალიან ლამაზი ქალაქია, ვსეირნობ ქალაქის ცენტრში, აქაურობა ძალიან მომწონს.

…კალათბურთის თამაში მიყვარს, NBA-საც ვუყურებ, ჩემი საყვარელი გუნდი „გოლდენ სტეიტია“, საყვარელი მოთამაშე კი, რა თქმა უნდა, სტეფ კარი.

საქართველოში დღეს ყველაზე პოპულარული ფეხბურთია, რაგბიც ძალიან უყვართ. მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც საფრანგეთში ტარდება, გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩს ვუყურებ, წესები ვიცი. პატარა რომ ვიყავი, ხანდახან ვთამაშობდი კიდეც. ჩემი თამაშის სტილი მარტივი იყო – ბურთს ავიღებდი და რაც შეიძლება სწრაფად გავრბოდი.

სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის ფეხბურთის გარშემო ტრიალებდა. თამაში ძალიან ადრე, ხუთი წლის ასაკში დავიწყე. ყველგან ბურთს ვთამაშობდი, სახლში თუ სხვაგან… ამის გამო ხანდახან სკოლასაც ვაცდენდი. მამაჩემი ყოფილი ფეხბურთელია და ძალიან მეხმარებოდა, რჩევებს მაძლევდა, პროფესიონალი რომ ვყოფილიყავი… ორი წელი „დინამო თბილისში“ ჩემი მწვრთნელი იყო, შემდეგ სხვა გუნდში წავიდა, მაგრამ ყოველთვის მეხმარებოდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში შევხვდი. მერე მე თბილისის „ლოკომოტივში“ წავედი, ის – „რუსთავში“, მაგრამ ყაზანის „რუბინში“ კვლავ ერთად მოვხვდით. ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ.

მე და ხვიჩა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. არ მიყვარს საუბარი, ვინ არის ჩვენ შორის უკეთესი. ხვიჩა თავიდანვე ძალიან მაგარი იყო და მასზე უკეთესი არ ვყოფილვარ, თუმცა როდესაც Playstation-ზე ვუგებ, ის ყოველთვის ბრაზდება“.