ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატი იწყება #1TVSPORT
ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატი იწყება #1TVSPORT

ფეხბურთში 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 2026 წლის ტურნირის გახსნის მატჩს 11 ივნისს მეხიკო, „აცტეკას“ ლეგენდარული სტადიონი უმასპინძლებს – მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

მუნდიალს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამი ქვეყანა მიიღებს – აშშ, მექსიკა და კანადა. ტურნირზე კი 48 გუნდი ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კატარში ჩატარდა, 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა.

სტადიონები

მატჩები 16 ქალაქში გაიმართება, რაც გეოგრაფიულად ერთ-ერთ ყველაზე გაშლილ ჩემპიონატს ნიშნავს.

აშშ-ში შერჩეული სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკული ფეხბურთის (NFL) არენაა. ისინი ტრანსფორმირდნენ – გაფართოვდა მოედნის საფარი და შეიცვალა გაზონის ტიპი ფიფა-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აშშ (11 ქალაქი): ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას სიტი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ნიუ იორკი/ნიუ ჯერსი, ფილადელფია, სან ფრანცისკო, სიეტლი.

მექსიკა (3 ქალაქი): მეხიკო, გვადალახარა, მონტერეი.

კანადა (2 ქალაქი): ტორონტო, ვანკუვერი.

ფორმატი

48 გუნდი 12 ჯგუფში გადანაწილდა. თითოეული ჯგუფიდან პირველ ორ ადგილზე გასული ნაკრები ავტომატურად პლეიოფის საგზურს იღებს, ბრძოლას ასევე გააგრძელებს საუკეთესო შედეგის მქონე 8 მესამეადგილოსანიც. შესაბამისად, პლეიოფში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც ბრძოლას 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 28 ივნისს დასრულდება და ამავე დღეს დაიწყება მთავარი ეტაპი – პლეიოფი. ტურნირის ფინალი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე ჩატარდება.

A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი

B ჯგუფი: კანადა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კატარი, შვეიცარია

C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია

D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი

E ჯგუფი: გერმანია, კურასაო, კოტ დ’ივუარი, ეკვადორი

F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი, ტუნისი

G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია

H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი

I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ერაყი, ნორვეგია

J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია

K ჯგუფი: პორტუგალია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უზბეკეთი, კოლუმბია

L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა

დებიუტანტები

წელს მუნდიალს ოთხი დებიუტანტი ეყოლება – კურასაო (ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში), კაბო ვერდე, იორდანია და უზბეკეთი.

გარდა დებიუტანტებისა, ტურნირს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან ისეთი გუნდები, როგორებიცაა ავსტრია, ნორვეგია და შოტლანდია (1998 წლის შემდეგ), ასევე ახალი ზელანდია, პარაგვაი და სამხრეთ აფრიკა (2010 წლის შემდეგ). ზედიზედ მესამედ, ფინალურ ეტაპზე ვერ ითამაშებს ოთგზის ჩემპიონი იტალია, რომელიც პლეი ოფში ბოსნისა და ჰერცეგოვინის ნაკრებთან დამარცხდა.

ფავორიტები

ექსპერტთა დიდი ნაწილი 2026 წლის ტურნირის მთავარ ფავორიტებად ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს და წინა მუნდიალის ფინალისტს, საფრანგეთს ასახელებს. საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავს. ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, ასევე მათ შემადგენლობაში ბოლო წლებში ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი ლამინ იამალი ირიცხება.

ფავორიტთა შორისაა მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ნაკრები, რომლის რიგებშიც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს „ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ლიონელ მესი. ძლიერი ნაკრები ჰყავს პორტუგალიას – 2026 წლის მუნდიალი, დიდი ალბათობით, ასევე ბოლო იქნება მათი ლიდერისთვის, კრიშტიანო რონალდოსთვის.

ტიტულის მაძიებელთა შორის ასევე ასახელებენ გერმანიის, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებებს.