რაგბი | საფრანგეთის TOP 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა - პლეიოფში ქართველების ხუთი გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) რეგულარული სეზონი დასრულდა, რომელიც „ტულუზმა“ მოიგო. პლეიოფში თამაში უფლება ექვსმა გუნდმა მოიპოვა, მათგან ხუთში („მონპელიე“, „სტად ფრანსე“, „პო“, „რასინგი“ და „ლა როშელი“) ქართველი მორაგბეები თამაშობენ.
რეგულარული სეზონის ბოლო ტურს ქართველების ლელოების გარეშე არ ჩაუვლია.
„კლერმონმა“ გასვლით მატჩში 34:31 „ლა როშელის“ კონკურენტი – „ბორდო“ დაამარცხა. სტუმართაგან ერთი ლელო გიორგი ახალაძის ანგარიშზეა, რომელმაც სეზონი ხუთი ლელოთი დაასრულა.
მართალია, ამ გამარჯვებით „კლერმონმა“ პლეიოფის საგზური მაინც ვერ მოიპოვა, მაგრამ დავით ნინიაშვილის, ნიკა სუთიძისა და ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელს“, რომელმაც თავისი თამაში „სტად ფრანსეს“ 27:22 მოუგო, პლეიოფში გასვლაში დაეხმარა.

„რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „ტულუზს“ სძლია (31:20) და მანაც პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა, მასპინძელთაგან ერთი ლელო (სეზონში მეორე) 21 წლის ვლად აშვეთიამ მიითვალა.
კიდევ ერთი ლელოთი გამოიჩინა თავი მიხეილ შიოშვილმა, რომლის „ტულონი“ „კასტრთან“ 21:38 დამარცხდა. შიოშვილმა კი სეზონში ოთხი ლელო დადო.
„პოსა“ და „მონტობანის“ (71:35) შეხვედრაში სტუმართაგან ერთი ლელო ვახტანგ ჯინჭარაძის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს TOP 14-ში სადებიუტო ლელო იყო.
ამრიგად, „ტულუზმა“ და „მონპელიემ“ რეგულარულ სეზონში პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს და პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებენ. მეოთხედფინალში 13 ივნისს „პო“ „რასინგს“ დაუპირისპირდება, ხოლო 14 ივნისს „სტად ფრანსე“ „ლა როშელს“ უმასპინძლებს.