რაგბი | დავით ნინიაშვილი – ტონგასთან მატჩისთვის მზად ვართ და ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ #1TVSPORT
14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის 37-წლიან ისტორიაში მე-300-ე ოფიციალურ თამაშს გამართავს – მსოფლიო რაგბის ერთა თასზე „ბორჯღალოსნები“ „ავჭალის“ სტადიონზე ტონგას უმასპინძლებენ – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
თამაშის წინ გუნდმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც მომავალ მატჩზე დავით ნინიაშვილმა და ბექა გორგაძემ კომენტარი გააკეთეს.
დავით ნინიაშვილი – „მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ორი ვარჯიში ჩავატარეთ და ვცდილობთ, გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც წინა მატჩში გვქონდა.
თავდაჯერებულები ვართ და მოედანზე მოსაგებად გავალთ. ვეცდებით, რომ უფრო მობილიზებულები ვიყოთ.
ვიცით, რომ ტონგა ფიზიკურად ძლიერი გუნდია და კონტაქტის დროს აქტიურები იქნებიან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის და ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, იმაზე კარგი, ვიდრე კანადასთან იყო“.
ბექა გორგაძე – „მოლოდინი ყველასთვის გასაგებია. გამარჯვება გვჭირდება როგორც გუნდს, ასევე მთელ ქვეყანას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქომაგები მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ ჯერ ტონგასთან, შემდეგ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე – ამერიკასთანაც.
გუნდი ძალიან კარგად არის მომზადებული. კარგი სათამაშო კვირა იყო. ვეცდებით, კანადასთან დაშვებული შეცდომები მომავალ მატჩებში მაქსიმალურად გამოვასწოროთ.
ტონგა ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. მათ ორი წლის წინაც ვეთამაშეთ და კარგად ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ. ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველით“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.