რაგბი | საქართველოს ნაკრები მე-300 მატჩისთვის ემზადება – ტონგასთან „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის 37-წლიან ისტორიაში მე-300-ე ოფიციალურ თამაშს გამართავს – მსოფლიო რაგბის ერთა თასზე „ბორჯღალოსნები“ „ავჭალის“ სტადიონზე ტონგას უმასპინძლებენ – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც კანადის მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა.
ცენტრში თამაშს გიორგი შველიძე იწყებს, რომელიც თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება. უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა სასტარტოში არიან, ისევე როგორც აკაკი ტაბუცაძე, დაჩი პაპუნაშვილი და გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი.
შერკინების პირველ ხაზში ძირითადშია ვანო კარკაძე, ვახტანგ ჯინჭარაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლებს. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც ახალბედა გაგი მარგველაშვილი და ვეტერანი კონსტანტინე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. შერკინების მესამე ხაზში გამოჩნდა ბექა გორგაძე, რომელსაც კანადასთან არ უთამაშია. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ლუკა ივანიშვილი.
საქართველო და ტონგა ერთა თასზე
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირზე, ერთა თასზე, დაუმარცხებლები არიან – ქართველმა მორაგბეებმა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკაში ურუგვაის (41:34), სამოას (33:12) და ჩილეს (49:22) მოუგეს, ხოლო ერთი კვირის წინ თბილისში კანადას სძლიეს (59:14).
ტონგამ ზაფხულში ზიმბაბვეს 36:26 მოუგო, ესპანეთთან და პორტუგალიასთან კი, შესაბამისად, 19:32 და 28:32 დამარცხდა. ერთი კვირის წინ კუნძულელებმა ბუქარესტში მასპინძელ რუმინეთს 43:38 სძლიეს და ამერიკა-ოკეანეთის ჯგუფში 12 ქულით სამოასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქამდე საქართველომ ტონგასთნ რვაჯერ ითამაშა და ექვსჯერ მოუგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.