ზურაბ გვასალია - კრიპტოვალუტები თუ ასეთი ტემპებით განვითარდა, საბანკო სექტორთან, ადრე თუ გვიან, სადღაც გადაიკვეთება
დღესდღეობით, საქართველოში ელექტრონულ ვალუტასთან შეხება არც ერთ ბანკს არ აქვს, – განაცხადა „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ელექტრონულ ვალუტას ძალიან დიდი რყევები ახასიათებს და რა თქმა უნდა, ეს საფრთხის მატარებელია. ჩვენ ჯერ კიდევ იმ შეცდომებს ვუშვებთ, როცა დანაზოგს ისეთ კომპანიებს ვანდობთ, რომლებსაც ფული არ უნდა მისცე და ელექტრონულ ვალუტაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ნაადრევია“, – განაცხადა გვასალიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ბანკებს კრიპტოვალუტების განვითარების ინტერესი, ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებს საბანკო სექტორში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.
„საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი კრიპტოვალუტას კონკურენტად, ალტერნატივად აღიქვამს. მე პირადად, საბანკო სექტორისთვის საშიშროებას ვერ ვხედავ, მაგრამ კრიპტოვალუტები თუ ასეთი ტემპებით განვითარდა და ნდობა მოიპოვა, ადრე თუ გვიან, ისინი ერთმანეთს სადღაც გადაკვეთენ. ჩემთვის ახლა ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებს კრიპტოვალუტა ფულის ბოლომდე, სრულფასოვნად ჩანაცვლებას“, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.