ეფრემ ურუმაშვილი - კრიპტოვალუტა კლასიკურ ფულს აუცილებლად ჩაანაცვლებს
ეფრემ ურუმაშვილი - კრიპტოვალუტა კლასიკურ ფულს აუცილებლად ჩაანაცვლებს

კრიპტოვალუტა კლასიკურ ფულს აუცილებლად ჩაანაცვლებს, ეს გარდაუვალი და საკმაოდ ახლო მომავლის ამბავია, – ამის შესახებ ფინანსისტმა, ეფრემ ურუმაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამაზე „ფაინეშელ თაიმსით“ დაწყებული, „ეკონომისტით“ დამთავრებული, მთელი მსოფლიო პრესა წერს. ეკონომიკის კუთხით, 21–ე საუკუნის მომავალი ციფრულ ეკონომიკას ეფუძნება. ციფრული ეკონომიკა კი, ციფრული ვალუტის გარეშე წარმოუდგენელია“, – განაცხადა ურუმაშვილმა.

მისი თქმით, პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინია, რომელიც დაახლოებით, 2018 წელს შეიქმნა და ციფრული ვალუტების განვითარება აქედან მოყოლებული ხდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ განაპირობა კრიპტოვალუტების შექმნა და დღესდღეობით რამდენი დასახელების კრიპტოვალუტა არსებობს, ეფრემ ურუმაშვილმა თქვა, რომ დღეს, დაახლოებით ათასამდე ციფრული ვალუტა არსებობს, რომლის შესახებ მსოფლიო მოსახლეობის ერთმა პროცენტმა იცის, ხოლო ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა მსოფლიო ეკონომიკის ინტერნეტიზაციამ, ანუ ბლოკჩეინიზაციამ გამოიწვია.

„დღეს ყველა მსხვილი კომპანია და ღირებული ბიზნესი ინტერნეტში იქმნება და მსოფლიო ეკონომიკის ინტერნეტიზაციამ დღის წესრიგში ახალი სახის ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა დააყენა. ეს ფინანსური ინსტრუმენტი დღეს ციფრულ ვალუტებად გვევლინება. ღირებული და სანდო ციფრული ვალუტები ბლოკჩეინზეა განთავსებული“, – განაცხადა ფინანსისტმა.

მისი თქმით, ყველაზე ძვირადღირებული და მდიდარი კომპანიები ინტერნეტშია განთავსებული და მათი ღირებულება ინტერნეტში იქმნება.

„მაგალითად, გუგლის ღირებულება 800–მილიარდ დოლარს აღემატება, მაშინ, როცა რუსეთის საფონდო ინდექსის ღირებულება 570–მილიარდი დოლარია. ანუ, ერთი ინტერნეტ კომპანიის ღირებულება ერთი მთლიანი ქვეყნის საფონდო ინდექსს აღემატება. ქვეყნისა, სადაც რეგისტრირებულია „გაზპროპი“, „როსნეფტი“ და ა.შ. თავისი მენდელეევის ტაბულიანი ეკონომიკით“, – განაცხადა ურუმაშვილმა.

როგორც ფინანსისტმა აღნიშნა, ციფრული ვალუტების კაპიტალიზაცია და მათი ფასის ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა.

„დღესდღეობით, ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 10 000 დოლარია. მაშინ, როცა 3 წლის წინ 150 დოლარი, 2008 წელს კი რამდენიმე ცენტი ღირდა“, – განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.