ზურაბ გვასალია - კრიპტოვალუტა ჩემს საახლობლოში უამრავ ადამიანს აქვს ნაყიდი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ეს რა არის
ქართველები რისკის მოყვარული ხალხი ვართ და ეტყობა, შამპანურის დალევა გვიყვარს, რადგან კრიპტოვალუტა ჩემს საახლობლოში უამრავ ადამიანს აქვს ნაყიდი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ეს რა არის, – ამის შესახებ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მათ უბრალოდ იციან, რომ რაღაც დიდი მოგება შეიძლება ნახონ. ფინანსებთან შეხების შემთხვევაში, როცა რაღაცას ვიწყებთ, თუ ნდობის ხარისხი მაღალი არ იქნა, არაფერი გამოვა და ელექტრონული ფულის საკითხიც ზუსტად ნდობაზეა დამყარებული“, – განაცხადა გვასალიამ.
მისი თქმით, თუ განვითარება ამ ტემპებით მოხდა და კრიპტოვალუტებმა ნდობა მოიპოვა, კრიპტოვალუტებისა და დღევანდელი ფულის გზები ოდესმე აუცილებლად გადაიკვეთება.
„ეს უდაოდ დიდი ტექნოლოგიური ნაბიჯია. არ მინდა, რეკლამა, ან ანტი რეკლამა გამომივიდეს, მაგრამ ძალზედ დამაფიქრებელია, როცა ელექტრონულ ფულს მსოფლიოს მოსახლეობის უკვე თუნდაც, ერთი პროცენტი იცნობს“, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.
როგორც „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, კრიპტოვალუტები დეცენტრალიზებულია და მასზე არც ერთი ქვეყანა პასუხისმგებლობას არ იღებს, არც ერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი ამას არ არეგულირებს და ბუნებრივია, კითხვები რჩება.
მან ასევე თქვა, რომ ადრე, ელექტრონული ხელის მოწერა, ან ელექტრომობილიც ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ ახლა უკვე ელექტრო ფულამდეც მივედით.