დავით კიზირია - ელექტრონული ვალუტის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია
დავით კიზირია - ელექტრონული ვალუტის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

ელექტრონული ვალუტის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, – ამის შესახებ ბლოკჩეინის სისტემების საერთაშორისო ექსპერტმა, დავით კიზირიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თქვენ ახლავე შეგიძლიათ, ჯიტ ჰაბზე შეხვიდეთ, ბიტკოინის ღია კოდი ჩამოტვირთოთ და მისი ემისირება დაიწყოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ, უკვე არსებულ ვალუტაში თქვენი პარალელური ხაზი შექმნათ. ეს უკიდურესად მარტივია, მაგრამ რთულია, გაიჩინოთ ადამიანი, რომელიც ამაში თუნდაც, ერთ ცენტს ჩადებს“, – განაცხადა კიზირიამ.

მისი თქმით, კრიპტოვალუტის შექმნა მოთხოვნამ გამოიწვია და დღეს ტექნიკურად ამის საშუალება არის.

„2018 წელს ალბათ, ყველაზე გავრცელებული ფორკები იქნება, რომლებიც უკვე არსებულ, ტრადიციულ ვალუტებს გამოეყოფიან. 2017 წელს ბიტკოინს ბიტკოინ ქეში და ბიტკოინ გოლდი გამოეყო და 2018 წელს ასეთი ბევრი იქნება“, – განაცხადა კიზირიამ.

როგორც ბლოკჩეინის სისტემების საერთაშორისო ექსპერტმა აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიაში ბლოკჩეინი პირველი ტექნოლოგიაა, რომელსაც ცენტრი არ აქვს.

„შესაძლოა, ფრონტზე დეცენტრალიზებული იყოს, მაგრამ ნებისმიერ სისტემაში საბოლოო ჯამში, არსებობს ვიღაც, ვინც პოზიტიურ, ან ნეგატიურ გადაწყვეტილებას იღებს. რომ შევადაროთ, ეს უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰგავს. ბლოკჩეინი კი, კოლეგიალური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, მაგალითად, პარლამენტს ჰგავს, სადაც გარკვეული გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის გზით ხდება. ბლოკჩეინი დეცენტრალიზებულია და ცენტრი არ აქვს. არსებობენ გარკვეული კვანძები, რომლებსაც ბიტკოინში მაინერებს ვეძახით. ისინი გადაწყვეტილების მიღებას ერთმანეთში კენჭისყრის გზით, კონსენსუსის პირობებში ახდენენ“, – განაცხადა დავით კიზირიამ.

დავით კიზირიამ ასევე თქვა, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ადამიანებისა და მანქანების ურთიერთკავშირს გულისხმობს. ბლოკჩეინი კი, ახალი სამყაროს საფუძველია, რომლიდანაც ახალ–ახალი ტექნოლოგიები წარმოიქმნება.