ზურაბ გვასალია - საბანკო სექტორის მიერ სტარტაპები დაახლოებით 60 მილიონამდეა დაფინანსებული, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა
ზურაბ გვასალია - საბანკო სექტორის მიერ სტარტაპები დაახლოებით 60 მილიონამდეა დაფინანსებული, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა

საბანკო სექტორის მხრიდან სტარტაპები არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება, თუ სახელმწიფო პროგრამები არ არის ჩართული, – ამის შესახებ „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმისთვის, რომ სტარტაპერებმა თავიანთი ბიზნესის წამოწყება შეძლონ, პროცენტი საბაზრო განაკვეთზე დაბალი უნდა იყოს და ბანკი სტარტაპებს საბაზრო განაკვეთზე დაბალი პროცენტით როგორ დააფინანსებს?! ეს ყველგან სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხდება და დღეს ზუსტად ამ პროგრამაზე იყო საუბარი. საბანკო სექტორის მიერ სტარტაპები დაახლოებით, 60 მილიონამდეა დაფინანსებული, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და ამან უფრო დიდი მასშტაბები უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება“, – განაცხადა გვასალიამ.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზეა საუბარი, მეორე 200 მილიონს საბანკო სექტორი დაამატებს და ჯამში, ერთი წლის განმავლობაში, სტარტაპების დაფინანსება 400 მილიონით უნდა მოხდეს.

„საბანკო სექტორის მხრიდან დაფინანსება 50% უნდა იყოს, 45% –ს საპარტნიორო ფონდი დაუფინანსებს, 5% კი სტარტაპერს თავად უნდა ჰქონდეს. უზრუნველყოფაც სახელმწიფოს მხრიდან იქნება“, – განაცხადა გვასალიამ.

როგორც „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, ეს ინიციატივა თავისი მიზნობრიობით განსხვავებულია, მაგრამ შინაარსობრივად იგივეა, რაც „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „იაფი სესხის“ პროგრამა და ა.შ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორი იმ ეკონომიკაზეა მორგებული, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და მისი ორიენტაცია იქეთკენაა მიმართული, ქვეყანაში რაც შეიძლება, მეტი ეკონომიკური სუბიექტი იყოს.

„ეს საბანკო სექტორის ინტერესებში შედის და ეკონომიკური სუბიექტების გამრავლებას ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გვასალიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბაზარზე მხოლოდ ორი მსხვილი ბანკის არსებობა მიუთითებს თუ არა საბანკო სექტორში კონკურენციის ნაკლებობაზე, ან არარსებობაზე, ზურაბ გვასალაიმ აღნიშნა, რომ ეს ორი მსხვილი ბანკი საბანკო სექტორის 70%–ზე მეტს ფლობს, მაგრამ ისინი საბანკო სექტორის მონოპოლიზებამდე ძალიან შორს არიან და კონკურენცია არსებობს.