ზურაბ გვასალია - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები თვითდასაქმებულებს პრობლემებს შეუქმნის და ​ბანკებზეც მოახდენს გავლენას
ზურაბ გვასალია - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები თვითდასაქმებულებს პრობლემებს შეუქმნის და ​ბანკებზეც მოახდენს გავლენას

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები პრობლემებს ბევრ თვითდასაქმებულს შეუქმნის და გავლენას ბანკებზეც მოახდენს, – ეს განცხადება ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ პირველ არხთან გააკეთა.

გვასალიას აზრით, უმჯობესი იყო, კერძო ბანკებისთვის შეზღუდვები 1-ლი ივლისიდან, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შემდეგ ამოქმედებულიყო.

„ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ტარდება და შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, პრობლემები თავისთავად მოჰყვება. წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, ამას რა პრობლემები მოჰყვება. ადრე სესხების გაცემა ბევრად უფრო მარტივად ხდებოდა და ახლა სწორედ ეს არის გართულებული. მოთხოვნაა, რომ დადასტურებული შემოსავალი აუცილებლად უნდა იყოს, რაც ბევრ თვითდასაქმებულს პრობლემას შეუქმნის. სასურველი იყო, ეს შეზღუდვები პირველი ივლისის შემდეგ შემოსულიყო. ვინაიდან პირველი ივლისიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის, სადაც 500 000-მდე ბრუნვაზე 1%-იანი გადასახადის შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ და ჩრდილიდან გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში, მათ შემოსავლების დადასტურება უკვე შეეძლებათ“, – აღნიშნავს გვასალია.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, რა გავლენას მოახდენს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე, ორ თვეში, კონკრეტული მონაცემების შესწავლის შემდეგ გაირკვევა. გვასალიას განმარტებით, ახალი რეგულაციის მიზანი იმის გარკვევაა, სესხის დაფარვის შემდეგ, მომხმარებელს თავისუფალი განკარგვისთვის რა თანხა რჩება და ეს საარსებო მინიმუმს ქვემოთ ხომ არ არის. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაწესებული შეზღუდვებით ფინანსური გარემო და კეთილსინდისიერი გადამხდელები არ დაზარალდნენ.

„ჩვენ ამაზე უფრო ვრცლად და შედეგიანად საუბარს ორი თვის შემდეგ შევძლებთ. ეს გამოაჩენს, რა სიტუაციაა, სესხების პორტფელის კლება თუ არის, ასევე, სესხების გაცემა ძალიან თუ მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ბუნებრივია, გავლენას აუცილებლად მოახდენს. ისიც მინდა გითხრათ, რომ საკრედიტო პორტფელში ის მაჩვენებელი, რომელიც პრობლემური სესხების სახელით არის ცნობილი, მაღალი არ არის. მომხმარებლები სესხს ემსახურებიან, მაგრამ არ ვიცით, თავისუფალი, განკარგვადი თანხა რა რაოდენობით რჩებათ, ეს თანხა საარსებო მინიმუმს ქვემოთ არის, თუ მათი მთლიანი შემოსავალი სესხის მომსახურებაზე მიდის. ამ ახალი რეგულაციის მიზანი ამის გარკვევაა და გარკვეულწილად ჭარბვალიანობის პრობლემას ეხმიანება. ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს და მთავარია, ამით ფინანსური გარემო არ დავაზარალოთ. ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხის მომსახურებასთან პრობლემები არ ჰქონდათ, ამ შეზღუდვების გამო, ისინიც არ დაზარალდნენ“, – აცხადებს ზურაბ გვასალია.

ზურაბ გვასალიას განცხადებით, საბანკო სექტორი კლიენტის შემოსავალს ახალ რეგულაციებამდეც დიდ ყურადღებას უთმობდა, თუმცა, დღეიდან დადასტურებული შემოსავლის ახალი კრიტერიუმები განისაზღვრა.

„საბანკო სექტორში შემოსავლები ბევრად უფრო მოთხოვნადი იყო, ამ შემოსავლებს ამოწმებდნენ და უმიზნოდ სესხს არ გასცემდნენ. ახლა კი მოთხოვნაა, რომ ეს დადასტურდეს და ეროვნული ბანკი შეამოწმებს. ახალი რეგულაციებით ამ დადასტურებული შემოსავლის კრიტერიუმებია განსაზღვრული, დადასტურებულად რა ჩაითვლება და რა არა და ეს პრობლემებს მსესხებლებს შეუქმნის. მაგრამ ამ მოთხოვნის მთავარი მიზანი ის იყო, რომ დაუდასტურებელი შემოსავლების შემთხვევაში, დაკრედიტება არ უნდა ხდებოდეს. ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ერთ-ერთი წინაპირობაა. მსესხებლები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ისინი სესხის მომსახურებას შეძლებდნენ, მაგრამ მათი შემოსავლის რა პროცენტი მიდის პროცენტის მომსახურებაზე, აქამდე რთული დასადგენი იყო“, – განმარტავს პირველ არხთან გვასალია.