ზურაბ აბაშიძე - საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა წლის ბოლომდე მილიონს გადააჭარბებს
აბაშიძე-კარასინის რიგით მე-16 შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, 2017 წელს, გასულ წლებთან შედარებით, შეინიშნება გარკვეული დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით, ასევე გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვები როგორც საავიაციო, ისე სახმელეთო გზით.
„აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა წლის ბოლომდე ერთ მილიონს გადააჭარბებს“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.
აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს.
მისივე განცხადებით, პრაღის ფორმატის შედეგებია, რომ საქართველოს რვა მოქალაქე რომელთაც მძიმე ბრალდებები ჰქონდათ წარდგენილი, ქართულ მხარეს გადმოეცა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, ამჟამად პატიმრობაში რჩება კიდევ რამდენიმე პირი და მოლაპარაკებები მათ შესახებაც მიმდინარეობს.