ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში გაემგზავრება
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში გაემგზავრება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში დღეს გაემგზავრება. შეხვედრა პრაღაში 28 ნოემბერს გაიმართება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, დღის წესრიგით გათვალისწინებული ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხების გარდა, აპირებს, მწვავედ დააყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი.

„ჩვენი ბოლო შეხვედრა პრაღის ფორმატში გაიმართა ივნისის შუა რიცხვებში. მას შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა. არის საკითხები განსახილველად იმ სფეროებში, რომლებიც უმთავრესად ჩვენი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. ეს არის ეკონომიკური, სატრანსპორტო საკითხები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები, მაგრამ შეხვედრის დასაწყისში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიმწვავით, რაც კი შეიძლება, წამოვწევ ბოლო მოვლენებს, რაც საოკუპაციო ხაზთან განვითარდა: დაკავებები, ჯერ კიდევ გათავისუფლებული არ არის ვაჟა გაფრინდაშვილი. იმედი მაქვს, რომ 28-მდე ეს მოხდება, მაგრამ თუ ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავაყენებ და გვექნება იქ საუბარი იმ კონტექსტში, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.
იმედი მაქვს, რომ შედეგს მალე მივაღწევთ და ეს პიროვნება თავის ოჯახს მალე დაუბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ჟენევის ფორმატში განსახილველი თემაა, მე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ამაზე უფრო დეტალური და უფრო საგნობრივი საუბარი გაიმართება 10-11 დეკემბერს ჟენევაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.