ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე კვლავ გავამახვილეთ ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა
ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე კვლავ გავამახვილეთ ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა

კარასინთან შეხვედრაზე კვლავ გავამახვილეთ ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განუცხადა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, დღეს რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა.

ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრა გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ გამართულა.

„შეხვედრა არ გამართულა პანდემიის გამო, შეუძლებელი გახდა პრაღაში ჩასვლა და იქ შეხვედრის ჩატარება. ამიტომ ჩავატარეთ ონლაინ რეჟიმში.

შეხვედრის დასაწყისში, ვიდრე გადავიდოდით ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, რომელიც უმეტესწილად ფოკუსირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ თემებზე, სატრანსპორტო კავშირებზე, როგორც ადრე, ყურადღება ამჟამადაც გავამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, რუსთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რომ აღნიშნულ რეგიონებთან ფაქტობრივად შეწყვეტილია მიმოსვლა.

განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცის ფორმულების შესახებ პროგრამების დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით, წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. ამ საკითხზე საუბარი გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე, იმედია, ახლო მომავალში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო სატრანსპორტო კავშირებს და რუსეთის მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა. თუმცა, ამ ეტაპზე, რუსეთის მხარეს ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების მიერ ხსენებულ რუსოფობიურ განწყობებსა და რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხებზე.

„ამაზე ჩვენი პასუხი არის, რომ არასწორად მიგვაჩნია ამ თემის პოლიტიზირება. რამდენჯერმე დავუსვი ასეთი კითხვა რუს კოლეგას პრაღაშიც და ახლაც, შეუძლია თუ არა, მოიყვანოს მაგალითი, როდის დაირღვა რუსი ტურისტების უსაფრთხოება ან რა აძლევს ამის საფუძველს. ყოველ შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილება იყო ფრენების შეჩერება და ამის რეალური საფუძველი არ არსებობს პანდემიის გამო, მაგრამ ამ კონტექსტში წარიმართა ეს საუბარი.

მოგეხსენებათ, ეს არაფორმალური საუბარია და ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა, თქვას, რასაც ფიქრობს. მე მოვისმინე მისი მხრიდან კომენტარი ამის თაობაზე, რომ არჩევნების შემდეგ, იმედია, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მან ახსენა რადიკალური ძალები, ანტირუსული პროპაგანდა საქართველოში და ამ კონტექსტში იყო გამოთქმული პოზიცია და იმედი, რომ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ქართული მხრიდან იქნება უფრო კონსტრუქციული მიდგომები.

მან ისაუბრა, საკმაოდ მოკლედ გაგვაცნო ხედვა, თუ რა გაკეთდა 9 ნოემბრის შემდეგ, როცა გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში როგორ შეიცვალა იქ ვითარება. მისგან მოვისმინეთ კომენტარი. დღესაც განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სატრანსპორტო დინამიკა. ითქვა რომ ამ პერიოდში სავაჭრო ურთიერთობები გარკვეულწილად შემცირდა, რაც პანდემიითაა გამოწვეული და რა თქმა უნდა, ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. ასევე შევეხეთ ჩვენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით. აღვნიშნეთ, რომ მოლაპარაკების პროცესში იყო ნელი პროგრესი და გამოვთქვით მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

რაც შეეხება რუსეთის დაინტერესებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საქმიანობით, ჩვენ აღვნიშნეთ კვლავ, რომ ეს ლაბორატორია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, მზად იქნებიან, მიიღონ უცხოელი ექსპერტები. ეს ადრეც უთქვამთ, ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შემადგენლობით, მათ შორის რუსი ექსპერტების შემადგენლობით, თუ ექნებათ სურვილი, რათა გაეცნონ ლაბორატორიის მუშაობას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ამ კონტექსტში, პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია, რასაც რუსეთის მხარე აკეთებს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2021 წლიდან გეგმავენ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე მხარის რეკონსტრუქციას. ეს ნიშნავს, რომ მათი მხრიდან არის მცდელობა, განიმუხტოს დიდი რიგები, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იქმნება. რუსეთის მხრიდან არის უფრო მეტად პრობლემები ვიდრე ჩვენი მხრიდან, სატვირთო ავტომობილების მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.