რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მოსკოვში განმარტავენ, „შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში წარმოქმნილი რთული სიტუაციის გადასალახად გზების მოძიების განწყობა დაადასტურეს“.

„კონტაქტებმა დაადასტურა ორმხრივი განწყობა, რომ მოიძებნოს გზები იმ რთული სიტუაციის გადასალახად, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, თბილისში ივნის-ივლისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად, წარმოიქმნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხრა თვეში რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 12 პროცენტით შემცირდა.

„მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორად და ქართული პროდუქციის უმსხვილეს იმპორტიორად, განსაკუთრებით, ღვინის. მას შემდეგ, რაც რუსეთი იძულებული გახდა, მიეღო ზომები რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში კვლავ ყოველთვიურად მცირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ თბილისმა მომხდარიდან შესაბამის დასკვნები გამოიტანა და რუსეთთან ურთიერთობებისას უფრო პასუხისმგებლიან მიდგომებს ინარჩუნებდა.

„ეს გახსნის გზას ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს ქართული მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია საავტომობილო გამშვები პუნქტის „ზემო ლარსის“ მოდერნიზაციის სამუშაოების შესახებ, რომელთა დასრულების შემდეგაც, 2021 წლის ნოემბრისთვის, ამ პუნქტზე 24 საათის განმავლობაში 2560 მანქანის გატარება იქნება შესაძლებელი.

„განხილული იყო 2011 წლის რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების შესრულების პერსპექტივა. ეს შეთანხმება შეეხება საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმსა და პროდუქტებით ვაჭრობის მონიტორინგს. მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს აპოლიტიკური განხილვა, რისი ამოცანაც არის არსებული სადავო საკითხების დარეგულირება და შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება, მისი პირობების მკაცრი დაცვით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დააყენა“.

„რუსულმა მხარემ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოქმედებს ამ საკითხის პოზიტიურად გადასაჭრელად“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატოსა და აშშ-თან, რჩება რუსეთსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორად“.

„კარასინმა მოუწოდა აბაშიძეს, რომ ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობა გამოიყენოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების გასავითარებლად“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აბაშიძე-კარასინის შემდეგი შეხვედრა 2020 წლის მარტში გაიმართება.