ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე უმეტესად ყურადღებას საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შეთანხმებაზე გავამახვილებ
ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე უმეტესად ყურადღებას საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შეთანხმებაზე გავამახვილებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე უკვე პრაღაში იმყოფება. 24 მაისს ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს უნდა შეხვდეს. შეხვედრის მორიგი რაუნდის წინ, ზურაბ აბაშიძემ პირველ არხს განუცხადა, რომ ყურადღებას 2011 წლის შეთანხმებაზე გაამახვილებს, საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პროექტის განხორციელების ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა, მისივე თქმით, შეიქმნება ერთობლივი სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარული სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის იმპლემენტაციას გაუწევს ზედამხედველობას.

„უმეტესად, ყურადღებას გავამახვილებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ შეთანხმების შესაბამისად შვეიცარულ კომპანიასთან გასულ წლის ბოლოს გავაფორმეთ კონტრაქტი და ახლა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთმაც გააფორმა ანალოგიური კონტრაქტი. ამის ამოქმედებას ჯერ კიდევ დრო დასჭირდება, მაგრამ იმისათვის, რათა გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე, ჯერ კიდევ ნაბიჯები არის გადასადგმელი. თავისთავად, ძალიან არასტანდარტული შეთანხმებაა, არასტანდარტული პროექტია, ამიტომ კიდევ ერთხელ გავივლით პრინციპებს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ არ გვინდა, ამ პროექტის ზედმეტი პოლიტიზება მოხდეს, გვინდა, რომ სამუშაო რეჟიმში მოხდეს ამ ახალ ეტაპზე გადასვლა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც ისაუბრებს.

„აუცილებლად ვისაუბრებ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე. ჩვენს დღის წესრიგში ასეთი საკითხების განხილვა გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ძნელია ამას გვერდი აუარო. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ იმ კონტექსტში, რომ ქართული მხარე ყველა ბერკეტს გამოიყენებს, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. ეს მათ კარგად იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუმეორებთ ყველგან, სადაც ამის საშუალება და აუცილებლობა არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეხება, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მისი მანდატიდან გამომდინარე, ამ საკითხზე საუბარს კარასინთან არ აპირებს.

რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ​შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.