ზუგდიდის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 30-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ააშენებს
ზუგდიდის მერიაში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის მერია 30-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ააშენებს. პროექტის ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს.
სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება 1-ელ თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015, 2016 და 2017 წლებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 66 სახლი აშენდა. პროექტზე 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა.